English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ მერაბ ჯულაყიძე
საქართველოს ეროვნული სიმდიდრის ეკონომიკური ასპექტები

10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.04.Merab.Julakidze

ანოტაცია. სტატიაში განხილულია საქართველოს ეროვნული სიმდიდრის შეფასების ძირითადი საკითხები. კერძოდ,  გაანალიზებულია ეროვნული სიმდიდრის კომპონენტები: ადამიანური, ბუნებრივი და კვლავწარმოებითი კაპიტალი, შესწავლილია მათი ოპტიმალური თანაფარდობის დადგენის კრიტერიუმები, დასასრულ, დასაბუთებულია ადამიანური კაპიტალის განვითარების წინმსწრები ტემპის აუცილებლობა ახალ გამოწვევებთან ბრძოლის დროს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის შეფასების და ეკონომიკური უსაფრთხოების  პროგრამის რეალიზაციის საქმეში.

საკვანძო სიტყვები:  ეროვნული სიმდიდრე, ადამიანური კაპიტალი, ეკონომიკური აქტივები, ბუნებრივი კაპიტალი, კვლავწარმოებითი კაპიტალი. 

ეროვნული სიმდიდრე არის სახელმწიფოს ეკონომიკური ძლიერების ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი, მის განკარგულებაში არსებული წარმოებული და დაგროვილი დოვლათის ერთობლიობა დროის მოცემულ მომენტში. ეროვნული სიმდიდრე შედგება საზოგადოების წინა და ახლანდელი თაობების შრომით შექმნილი და დაგროვილი დოვლათის, ასევე კვლავწარმოების პროცესში ჩართული ბუნებრივი რესურსებისა და სხვა აქტივების(სიმდიდრის) ღირებულებისაგან ცვეთის გამოკლებით.

ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში ეროვნული სიმდიდრის დასახასიათებლად იყენებენ ტერმინს „ეკონომიკური აქტივები“, რომლის არსებითი მახასიათებელია მესაკუთრეთა მიერ მათი ფლობისა და გამოყენების მეშვეობით ეკონომიკური სარგებლის მიღება. ეროვნულ ანგარიშთა კლასიფიკაციის შესაბამისად ეროვნულ სიმდიდრეში ასევე შეაქვთ საწარმოო მარაგები და კაპიტალი, რომელიც არ ექვემდებარება მატერიალურ განზომილებას, ასევე ფასეულებანი, რომლებიც არ გამოიყენება წარმოების ან მოხმარებისათვის. ეკონომიკურ პრაქტიკაში სარგებლობენ ეროვნული სიმდიდრის დინამიკის, დაგროვებისა და განახლების მაჩვენებლებით. მისი ელემენტების გაანგარიშებისას იყენებენ მიმდინარე სტატისტიკური ანგარიშების და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებს, შერჩევითი გამოკვლევების და უწყვეტი ინვენტარიზაციის მეთოდებს, ასევე ექსპერტულ შეფასებებს.

საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტები მუშაობენ ეროვნულ სიმდიდრეში პირდაპირი ფინანსური ინვესტიციების და გრძელვადიანი (1 წელზე მეტი) მოხმარების  საქონლის ასახვაზე. გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში მსოფლიო ბანკის ინიციატივით დაიწყო ეროვნული სიმდიდრის  ადამიანური კაპიტალის მაჩვენებლით გაფართოების, კერძოდ, მისი რაოდენობრივი პარამეტრების დადგენის და ამ მაჩვენებლის ეროვნულ ანგარიშთა სისტემის აგების პრინციპებთან მორგების სამუშაოები. შემოღებული იქნა ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი. ამ მაჩვენებლის მიხედვით 2022 წლის მონაცემებით მსოფლიოს 175 ქვეყნიდან საქართველოს 73-ე ადგილი უკავია.

საბაზრო ეკონომიკა მნიშვნელოვნად აფართოებს ეროვნული სიმდიდრის ჩარჩოებს, ავსებს მას ახალი შინაარსით. ტრადიციულ მატერიალურ-ნივთობრივი ფორმის ელემენტებსა და საშინაო ქონებასთან ერთად ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მოთხოვნის შესაბამისად, მასში გათვალისწინებულია ისეთი ელემენტები, როგორიცაა ინფორმაცია, ცოდნის, გამოცდილების, ტექნოლოგიების გამოყენების უფლება, ასევე ყოველივე ამ დოვლათისა და ინფორმაციული რესურსის ადამიანური გამოყენების უნარი. ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ადამიანურ ფაქტორზე. უფრო მეტიც, ადამიანური კაპიტალი თავად ხდება ეროვნული სიმდიდრის ორგანული, ობიექტური და ბევრი ქვეყნისთვის ეროვნული სიმდიდრის მთავარი ელემენტი.

ადამიანური კაპიტალის შეფასებას ჩვენ უნდა მივუდგეთ სიმდიდრის სხვა კომპონენტების შეფასების ანალოგიურად - მასზე გაღებული ხარჯებისა და მოცემული კონკრეტული მომენტისათვის საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ამასთან, მატერიალურ-ნივთობრივი ფორმის მქონე სიმდიდრის სხვა ელემენტებისაგან განსხვავებით, ადამიანური კაპიტალი გაცილებით მაღალმობილურია და ამიტომ მის ფორმირებაზე, მომზადებაზე, სწავლებაზე გაღებულ ხარჯებთან შედარებით შეფასებაში უპირატესობა სწორედ საბაზრო ფასს უნდა მიენიჭოს. ადამიანური კაპიტალი ფაქტიურად კაპიტალიზებული სამუშაო ძალაა, ამ უკანასკვნელის კვლავწარმოების ერთი ციკლის განმავლობაში წარმოებული დოვლათის (დამატებული ღირებულების) ჯამური სიდიდეა. ამ შეფასებას აძლიერებს ის გარემოება, რომ სამუშაო ძალის კვლავწარმოებას, მის ფაქტობრივ ღირებულებას განაპირობებს არა მხოლოდ მოსახლეობის ინდივიდუალური შემოსავლები, არამედ კოლექტიური მოხმარების უდიდეს ნაწილი მათ შორის პირველ რიგში სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები. რაც უფრო მეტი ინვესტიციაა ჩადებული პიროვნების მომზადებაში, მის სწავლაში, პროფესიულ ფორმირებაში, მით უფრო მაღალი უნდა იყოს მისი მწარმოებლურობა.

` ადამიანური კაპიტალის ზრდა წინ უსწრებს ეროვნული სიმდიდრის სხვა ელემენტების (ბუნებრივი სიმდიდრე, დაგროვილი ქონება) ზრდას  და რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მაღალი ხვედრითი წილი უკავია მის ეროვნულ სიმდიდრეში ადამიანურ კაპიტალს.

ჩვენი გამოთვლებით ამჟამად საქართველოს ეროვნული სიმდიდრე შეადგენს 750 მილიარდ დოლარს, რომელიც ასეა განაწილებული: 45% ადამიანური კაპიტალი, 35% ბუნებრივი კაპიტალი და 20% კვლვწარმოებითი კაპიტალი. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესაბამისად - 78%, 3.6% და 18.2%. ადამიანური კაპიტალის პროცენტულ წილზე არსებითად მოქმედებს ბუნებრივი რესურსების ღირებულება. ასე, რუსეთში ბუნებრივი რესურსების ღირებულება შედარებით დიდია, რაც ადამიანური კაპიტალის წილს ამცირებს. მსოფლიო ადამიანური კაპიტალის ძირითადი ნაწილი განვითარებულ ქვეყნებშია თავმოყრილი, სადაც ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე ინვესტიციები ფიზიკურ კაპიტალში.

საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეში ადამიანური კაპიტალის შედარებით დაბალი წილი შეიძლება აიხსნას არა ბუნებრივი რესურსების სიუხვით, არამედ ეკონომიკაში შექმნილი სირთულეებით და ყველაზე კვალიფიციური და რეპროდუქციული უნარის მქონე სამუშაო ძალის ქვეყნიდან ინტენსიური გადინებით. მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში ქვეყანაში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო საქართველოს ეროვნული სიმდიდრე  40%-ით შემცირდა, ხოლო ბუნებრივი სიმდიდრე - მხოლოდ 4%-ით, ადამიანური კაპიტალი კი - 62%-ით, ანუ 2,6-ჯერ.  ამავე პერიოდში ადამიანური კაპიტალის წილი 46-დან 30%-მდე შემცირდა.  ამ პერიოდში ფართო ხასიათი მიიღო ეკონომიკურმა მიგრაციამ. საქართველოდან გასულთა არანაკლებ 2/3 შრომითი მიგრანტი იყო. მათ შორის მაღალი იყო როგორც განათლების საერთო დონე, ისე შრომითი უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია. უმაღლესი განათლების მქონეთა წილი შრომით მიგრანტებში  1,5-ჯერ, ხოლო 20-50 წლის ასაკის მიგრანტებისა ორჯერ აღემატებოდა შესაბამისი ცენზის მქონეთა წილს საქართველოს მოსახლეობაში. ამასთან ბოლო 15 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდისა და შედარებითი სტაბილურობის კვალობაზე შეინიშნება პოზიტიური ტენდენცია: ადამიანური კაპიტალის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

დღის წესრიგში დგას ეროვნული სიმდიდრის კვლავწარმოების ციკლის ხანგრძლივობის განსაზღვრის ახლებურად დადგენის საკითხი, რომელიც აქამდე ძირითადი კაპიტალის კვლავწარმოების ციკლით განისაზღვრება. შრომითი აქტიურობის ერთი თაობის მანძილზე სამუშაო ძალა რამდენჯერმე ასწრებს თვისებრივ განახლებას, რაც პირდაპირ აისახება მის ღირებულებაზე და ადამიანურ კაპიტალზე, როგორც ერთობლივი სამუშაო ძალის კაპიტალიზაციის ინტეგრირებულ მაჩვენებელზე. მსოფლიო ადამიანური კაპიტალი ეროვნული სიმდიდრის 2/3-ს შეადგენს, საქართველოში კი აშკარად იკვეთება მისი წინმსწრები ზრდა სიმდიდრის სხვა ელემენტებთან შედარებით.

ამიტომ ეროვნული სიმდიდრის სასიცოცხლო ციკლის განსაზღვრას საფუძვლად უნდა დაედოს მისი სწრაფად მზარდი და მაღალი წილის მქონე ადამიანური კაპიტალის სასიცოცხლო ციკლი, ფაქტობრივად, მოსახლეობის, საზოგადოების თაობათა კვლავწარმოების პერიოდი. საქართველოში დაბადებულ ბავშვთა დედების საშუალო ასაკი 25-27 წელია, ამიტომ საკმაოდ მაღალი ალბათობით შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში თაობათა კვლავწარმოების პერიოდი დაახლოებით 25 წელია. რაც ნიშნავს პირველი 25 წელი ადამიანის საკუთრივი პერიოდია, მეორე 25 წელი შვილებთან ერთად ყოფნას ითვალისწინებს, ხოლო მესამე 25 წელი - ასევე შვილიშვილებთან ერთად  ყოფნას. ჯამში ეს არის 75 წელი, რაც საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა.

ეკონომისტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ადამიანთა ცალკეული თაობის ეკონომიკური აქტივობის ხანგრძლივობა(ამჟამად, საქართველოში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 40-45 წელია), ტრადიციული და ახალი ეკონომიკების გავლენას ეროვნული სიმდიდრის სტრუქტურის ფორმირებაზე, ჩატარებული იქნა ამ უკანასკვნელის ძირითადი ელემენტების ზრდის ფაქტორული ანალიზი. ამგვარ კვლევას არა მხოლოდ თეორიული დატვირთვა აქვს, არამედ მიღებული შედეგები გამოიყენება ახალ გამოწვევებთან ბრძოლის დროს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის შეფასების და ეკონომიკური უსაფრთხოების  პროგრამის რეალიზაციის საქმეში.

გამოყენებული ლიტერატურა

Weil David N. (2008). Economic Growth. Brown University. Second Edition.

Wooldridge M. Jeffrey (2013). Introductory Econometrics. A Modern Approach. Fifth Edition.

Geostate Database (PC-AXIS Database) of National Statistic Office of Georgia. Retrived from: http://pc-axis.geostat.ge

The World Bank Open Date. (2022). https://data.worldbank.org/